You Know More, Than You Think!

რა ამღერებთ ჩიტებს?

Date: February 9, 2015 Category:

რა ამღერებთ ჩიტებს? როგორ სწავლობენ ჭიკჭიკს და იმახსოვრებენ ერთსა და იმავე მელოდიას – ამ თავსატეხის ამოხსნით არგენტინელმა მეცნიერმა ფერნანდო ნოტებომმა ფუნდამენტურად შეცვალა წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ მუშაობს ტვინი.

ჩიტებზე დაკვირვების სიყვარული ნოტებომს ბავშვობიდან გამოჰყვა. გაზაფხულის ერთ მზიან დღეს, ბუნებაში ხანგრძლივი სეირნობის შემდეგ, ნოტებომმა დაასკვნა, რომ ზოგი ჩიტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ერთნაირ ხმას გამოსცემს – ერთნაირად ჭიკჭიკებს ან გალობს. მელოდია არ იცვლება. აი, კანარის ჩიტები კი სულ სხვანაირები არიან. ეს ჩიტები საშუალოდ ათ წელიწადს ცოცხლობენ და თავიანთ რეპერტუარს სეზონურად, ბუმბულივით იცვლიან.

რით გამოირჩევიან კანარის ჩიტები? იქნებ ახალ მელოდიას იმიტომ სწავლობენ, რომ მეხსიერებასთან დაკავშირებული ტვინის უჯრედები ახლდება?

ნოტებომს, რომელიც ძალიან ხშირად ფიქრობდა ხოლმე კანარის ჩიტების უცნაურობაზე, ეს იდეა, შხაპის ქვეშ, მოულოდნელად დაატყდა თავს, “ევრიკაც” კი შესძახა, აბაზანიდან გამოვარდა და ნაფიქრი ცოლს გაუზიარა. “თუკი ეს მართალია, მაშინ ტვინში უჯრედები ყოველდღიურად კვდება და იბადება! – ჰყვებოდა აღტაცებული ნოტებომი, – ამით ხომ არ აიხსნება ის, რომ ზოგი ჩიტი სწავლობს ახალ მელოდიას და ძველს ივიწყებს? იქნებ ძველი მოგონებებით სავსე ნეირონებს ამ ჩიტების ტვინში ახალი უჯრედები ანაცვლებს?

როცა ფერნანდომ თავისი აღმოჩენა ცოლისა და ახლო კოლეგების გარდა, ფართო სამეცნიერო წრეებსაც გააცნო, გიჟად ჩათვალეს. “იმის წარმოდგენა, რომ ათასობით ახალ ნეირონს იმავე ადგილას ძველი ნეირონების ჩანაცვლება შეუძლია, დაახლოებით იმას ჰგავს, Empire State Building-ს ორი სართული რომ გამოვაცალოთ, და გამორღვეული ნაწილი აგურ-აგურ ისე ამოვავსოთ, შენობას არაფერი დაეტყოს”, – ამბობდა ნოტებომის ერთ-ერთი ოპონენტი, იელის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი, პასკო რაკიჩი.

ნოტებომის ეს აღმოჩენა 1990-იან წლებში სხვა მეცნიერებმა განავითარეს და ტვინის მთავარი უჯრედების – ნეირონების განახლების საკითხი ძუძუმწოვრებშიც შეისწავლეს. ამ სრულიად ახალ ფენომენს მეცნიერებმა ნეიროგენეზი უწოდეს. ტვინში უჯრედების განახლების თეორიამ ისეთი მძიმე დაავადებების განკურნების შანსი გააჩინა, როგორიცაა პარკინსონი, ზურგის ტვინის დაზიანებები, ტვინის ინსულტი და ალცჰეიმერი.

მანამდე, ამ დაავადებების მქონე პაციენტები უიმედოდ ითვლებოდნენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ, კლასიკური ნეირომეცნიერების წარმოდგენით, ადამიანი გარკვეული რაოდენობის ნეირონებით იბადება, ეს ნეირონები დროთა განმავლობაში კვდება და აღარასდროს აღდგება.

ამ დოგმის ჭეშმარიტებაში ნოტებომამდე ჯოზეფ ალტმანმა შეიტანა ეჭვი. 1965 წელს ალტმანმა თქვა, რომ კატების, ვირთხებისა და ზღვის გოჭების ზრდასრულ ტვინში ახალი ნეირონები წარმოიქმნება, ანუ ტვინს აქვს თვითგანახლების უნარი. მაშინ ალტმანის სამეცნიერო ნაშრომისთვის ყურადღება დიდად არავის მიუქცევია, და ეს თეორიაც მალე დაივიწყეს. ნოტებომის აღმოჩენისა და მის შემდეგ ჩატარებული კვლევების დამსახურებით კი, მეცნიერებამ ნეიროგენეზი საბოლოოდ აღიარა.

რამდენიმე წლის წინ ნოტებომი შვედეთში, ლუნდის უნივერსიტეტის სამეცნიერო ლაბორატორიას სტუმრობდა. ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო: ნოტებომმა მაშინ პირადად გაიცნო მეცნიერები, ულე ლინდვალი და ზაზა კოკაია, რომლებმაც 2002 წელს, ვირთაგვებზე ექსპერიმენტის შედეგად, მანამდე მეცნიერებისთვის უცნობი ფენომენი აღმოაჩინეს: ნეიროგენეზი შეიძლება ტვინის ინსულტმაც გამოიწვიოს და ტვინის დაზიანებულ უბანში ახალი ნეირონების დაბადებამ პაციენტის განკურნების შანსი ერთიორად გაზარდოს.

ინსულტი ყველაზე ხშირად ხანშიშესულ, 60-70 წლის ადამიანებს ემართება და ტვინის გარკვეულ უბნებს აზიანებს. ინსულტს მოჰყვება დამბლა ან მეტყველების პრობლემები, იმისდა მიხედვით, ტვინში რომელი ადგილი დაზიანდა.

ლუნდში ჩატარებული ცდების შემდეგ კი, აღმოჩნდა, რომ ინსულტის დროს, ვირთაგვების ტვინში უცნაური მოვლენა ხდება: იბადება ახალი ნერვული უჯრედები იმ უბნებში, სადაც ჩვეულებრივ, ჯანმრთელ მდგომარეობაში არცკი გაჩნდებოდა. ეს კი ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ტვინის უჯრედების კვდომის პარალელურადვე ჩნდება მათი აღდგენის შანსი…

ამ აღმოჩენის შესახებ სტატია 2002-შივე, პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნდა. პუბლიკაციას ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორები, ულე ლინდვალი და ზაზა კოკაია აწერდნენ ხელს.

“მთელი რესურსი ამ პროექტში ჩავდეთ, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთეთ, თითქმის ნახევარი წელი, დღე და ღამე ვმუშაობდით, რომ ნაშრომი უმოკლეს დროში დაგვემთავრებინა”, – მიყვება ზაზა კოკაია, რომელიც ლუნდის უნივერსიტეტში ოთხმოცდაათიანი წლებიდან მუშაობს და დღეს იქ ღეროვანი უჯრედების ცენტრს ხელმძღვანელობს.

ათი წლის წინ ულე და ზაზა ერთ კონკრეტულ საკითხს – ვირთაგვებში ტვინის ინსულტს სწავლობდნენ. ამ მდგომარეობას ცხოველებში სისხლძარღვების გადაკვანძით, ხელოვნურად იწვევდნენ და შემდეგ ვირთაგვების ტვინში მომხდარ ცვლილებებს აკვირდებოდნენ. მეცნიერებს აინტერესებდათ, რა ემართება ნეირონებს ტვინის უბანში ინსულტის დროს, რომელსაც ზღვის ცხენის ფორმა აქვს და მოკლევადიან მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი. ამ ადგილს “ჰიპოკამპი” ჰქვია.

ზაზამ და ულემ ნახეს, რომ ინსულტისას ჰიპოკამში ახალი ნეირონები იბადება, მაგრამ მცირე რაოდენობით. შემდეგ, ერთ-ერთი დისკუსიის დროს, დოქტორანტ ანდრიას არვიდსონს დაავალეს, ჰიპოკამპის გარდა, ყოველი შემთხვევისთვის ენახა, რა ხდებოდა უშუალოდ ინსულტით დაზიანებულ უბანში.

ანდრიასმა ექსპერიმენტში ახლად დაბადებული ნეირონების შესაღებად, სპეციალური მარკერები გამოიყენა. ესაა ნივთიერება, რომელიც ტვინის უჯრედში დაყოფამდე შეჰყავთ. თუკი უჯრედი გაყოფას განაგრძობს, ამ მარკერით იქნება “მონიშნული” ყველა ის უჯრედი, რომელიც საწყისი უჯრედებისგან წარმოიქმნება.

“რამდენიმე დღეში ანდრეასი შემოვიდა ჩემს ოთახში და მითხრა, რომ ტვინში რაღაც უჩვეულო ხდებოდა. როცა თავად ჩავიხედე მიკროსკოპში, თვალებს ვერ დავუჯერე – დაზიანებული ტვინის უბანი სავსე იყო ახალგაზრდა ნეირონებით, რაც არანაირ ლოგიკაში არ ჯდებოდა და მსგავსი ფენომენი აქამდე არავის ჰქონდა აღწერილი.

იმ დღეს მე და ულემ რამდენიმე საათი გავატარეთ მიკროსკოპთან და დავრწმუნდით, რომ აქამდე უცნობ მოვლენასთან გვქონდა საქმე – ინსულტით გამოწვეული ტვინის დაზიანება დასაბამს აძლევდა დაღუპული ნეირონების მსგავსი უჯრედების წარმოქმნას, რაც ნორმალურ, ჯანმრთელ ტვინში არ ხდება”, – ჰყვება ზაზა.

საერთოდ, ვირთაგვას ტვინში არსებობს ადგილობრივი ღეროვანი უჯრედები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მოძრაობენ ყნოსვის ორგანოსკენ. ზაზამ და ულემ კი ამ ექსპერიმენტით დაადგინეს, რომ ინსულტის დროს, ეს უჯრედები ყნოსვის ბოლქვისნაცვლად, მოძრაობას იწყებენ დაზიანებული უბნისკენ, მიაღწევენ უშუალოდ დაზიანების ადგილს და იქ ჩამოყალიბდებიან ახალ ნეირონებად. ესე იგი, ტვინში მკვდარი ნერვული ქსოვილი აღდგება.

თანამედროვე მეცნიერებს შორის მძაფრი კონკურენციაა. ულე და ზაზა შიშობდნენ, რომ პლანეტის სხვა ნაწილში, შეიძლება სხვა მეცნიერებმაც აღმოაჩინეს ზუსტად იგივე ფენომენი. ამიტომ უნდა ეჩქარათ…

ზაზას და ულეს სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე თვეში უკვე ამერიკელებმაც გამოაქვეყნეს მსგავსი მონაცემები, მაგრამ – შედარებით დაბალი რეიტინგის სამეცნიერო ჟურნალში. ლუნდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა კი შვებით ამოისუნთქეს – ჯერ ერთი, დაასწრეს თავიანთ კონკურენეტებს, რომელთა არსებობასაც ვარაუდობდნენ, მაგრამ არ იცოდნენ, ვინ იყვნენ ისინი და, გარდა ამისა, ამერიკელების პუბლიკაციით, საკუთარი აღმოჩენის სისწორეც დაადასტურეს.

“როცა სრულიად ახალ მოვლენას აღწერ, გულის სიღრმეში ყოველთვის ეჭვი გღრღნის, ვაითუ რამე შემეშელა და არტეფაქტთან გვაქვს საქმე? ამერიკელების ნაშრომმა კი ეს ეჭვი გაგვიქრო. ამ ისტორიამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მეცნიერებაში ალღო და შემთხვევითობა ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგჯერ უნდა გარისკო, შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთო და წარმატების შანსიც გაიზრდება”, – მეუბნება ზაზა და შემდეგ, ჩვენი საუბრებისას, რამდენჯერმე ახსენებს, რომ მისი ცხოვრებისეული დევიზი, ერთი კლიშედქცეული თვითშეგონებაა – “არასდროს დანებდე!” (Never give up)! მერე იმასაც მეუბნება, რომ Nature of Mmedicine-ში გამოქვეყნებულ ზემოთ ხსენებულ ნაშრომს, ათასზე მეტ პუბლიკაციაში გაუკეთეს ციტირება. ვამჩნევ, რომ ეს ზაზასთვის სიამაყის საბაბია, თუმცა, არა მხოლოდ ზაზასთვის. კარგი ციტირების მაჩვენებელი ზოგადად ყველა მეცნიერისთვისაა იგივე, რაც ჰოლივუდელი რეჟისორისთვის – “ოსკარი”. ამას ჩემს ენაზე ასე ვხსნი: მიკროსკოპთან გატარებული წლების შემდეგ, როცა შეიძლება მთელი თვე ისე გავიდეს, ახალს ვერაფერს მიაგნო და ვერც კითხვებზე მიიღო პასუხი, ძალიან მნიშვნელოვანია, თუკი ექსპერიმენტს, ბოლოს და ბოლოს, წარმატებით დაასრულებ და შენს აღმოჩენას მსოფლიოს სხვებზე ადრე ამცნობ.

“თანამედროვე მეცნიერება ხშირად სპორტს ჰგავს, ნამდვილი შეჯიბრი მიდის, თუ ვინ უფრო სწრაფად შეძლებს უფრო დამაჯერებელი მონაცემების გამოქვეყნებას. ეს დაძაბულობა დიდი სტრესიცაა, თუმცა, ასე უფრო სახალისოა და საინტერესოც”, – მიდასტურებს ზაზაც.

49 წლის ზაზა კოკაია წლების წინ, სკოლაში ბიოლოგიას ასწავლიდა. დღესაც დინჯი და მოწესრიგებული მასწავლებლის იერი აქვს, რომელიც მეცნიერის სტერეოტიპულ იმიჯში არ ჯდება – არც სქელშუშასათვალიანი და მოსაწყენი ტიპია და არც მოუსვენარი და თმაგაჩეჩილი, ენაგამოყოფილი აინშტაინი.

ყოველი წუთი გაწერილი აქვს, სულ მუშაობს, საზაფხულო შვებულებაში როცა მიდის, სამსახურიდან თან საგრანტო აპლიკაციები მიაქვს შესავსებად. ფილმის ყურების დროს, შეიძლება უცბად შენიშნოს, რომ სიუჟეტის ნაწილი გამოტოვა იმიტომ, რომ ამ დროს ერთ-ერთ ექსპერიმენტზე ჩაფიქრდა.

მონოტონურად და მშრალად ლაპარაკობს. თუ ის თემა, რაზეც გიყვება, ძალიან არ გაინტერესებს, შეიძლება ვერც აჰყვე და სამეცნიერო ტერმინებით გაჯერებულ თეორიებში დაიკარგო.

კითხვებს კონკრეტულად და საქმიანად პასუხობს, ბევრს არ მიედ-მოედება, ფილოსოფიურ გადახვევებსაც გაურბის. ვეუბნები, რომ თხრობაში “ფერები მჭირდება”, უჯრედების შესახებ ჩახლართული სამეცნიერო თეორიები მსუბუქად, მიმზიდველად და ყველასთვის გასაგებ ენაზე უნდა გადმოვცე.

ორჯერ პირადად შეხვედრის შემდეგ, ელექტრონული ფოსტით, საილუსტრაციოდ, ვუგზავნი “ნიუ იორკერის” ერთ-ერთ სტატიას და მსგავსი დეტალების გაცოცხლებას ვთხოვ. ზაზას ესმის, რაც მინდა, მიგზავნის პატარა ტექსტს და ხუმრობით მწერს: “მწერალი არ ვარ, მეცნიერი ვარ და ჟურნალისტებისგან განსხვავებით, მშრალი ფაქტები მიყვარს და არა ხატოვანება”.

რაციონალურობა ყველაფერში ეტყობა – მსჯელობის დროს, ქცევაში, საუბარში. თუმცა, შიგადაშიგ, მის გამოხედვაში ცნობისმოყვარე ბავშვის გამომეტყველებასაც დაიჭერ. ცნობისმოყვარეობა ერთ-ერთი ის თვისებაა, რომელსაც საკუთარ თავში ყველაზე მეტად აფასებს და რომელიც ყველა მეცნიერს ეხმარება, უსასრულო ექსპერიმენტების დროს, სიბნელეში ხელების ცეცებით სიარულისას მოთმინება და ინტერესი არ დაკარგონ.

ზაზა კოკაია ლუნდში პირველად 1990 წელს ჩავიდა. შვედეთის ინსტიტუტის სტიპენდია მიიღო და ლუნდის უნივერსიტეტის ჰისტოლოგიის კათედრაზე, ცხრათვიანი სამეცნიერო პროექტის შესასრულებლად გაემგზავრა.

“მატარებლით ჩავედი მოსკოვიდან. სადგურზე დამხვდა ლაბორატორიის დოქტორანტი იუჰან ბენგსონი. წამიყვანა ერთოთახიან ბინაში, რომელიც სპეციალურად ჩემთვის იქირავეს. დავბინავდი და მეორე დილიდან ვირთაგვებზე ექსპერიმენტების ჩატარება დავიწყე”, – იხსენებს კოკაია.

სამეცნიერო პროექტი დასრულდა და ცხრა თვის შემდეგ, ზაზა საქართველოში ჩამოვიდა, თუმცა მალე მიხვდა, რომ აქ თავის პროფესიაში პერსპექტივა არ ექნებოდა, და მალევე, ოჯახთან, მეუღლე თამუნასთან და ერთი წლის შვილთან ერთად, უკან, შვედეთში დაბრუნდა.

სამხრეთ შვედეთში, სკონეს პროვინციის ქალაქ ლუნდში, ჩრდილოეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და დიდი უნივერსიტეტია. აქვეა კვლევითი ბიოსამედიცინო ცენტრიც, სადაც მეცნიერები მთელი მსოფლიოდან იყრიან თავს.

აგურის ოთხსართულიან შენობაში თეთრხალათიანი ადამიანები საქმიანი ნაბიჯით მიმოდიან. პირველ სართულზე გრძელ რიგებად პლასტმასის გალიებია ჩამწკრივებული, სადაც თაგვები და ვირთაგვები ცხოვრობენ, იზრდებიან და მრავლდებიან.

ზედა სართულებზე, ლაბორატორიებში კი, რუხი მეტალის მაცივრებში ასეულობით პლასტმასის ბოთლია ჩალაგებული – პლასტმასის ბოთლში ადამიანის “თავისუფალი უჯრედები” პლუს 37 გრადუსზე ინახება.

ესაა უჯრედები, რომელთა სასწაულმოქმედმა ძალამ ოციოდე წლის წინ თანამედროვე მედიცინის შესაძლებლობების შესახებ კლასიკური წარმოდგენა თავდაყირა დააყენა. თუმცა, ვიდრე ინკუბატორში ინახებიან, ამ უჯრედებს არც სახელი აქვთ და არც ფუნქცია. სახელსაც და როლსაც ისინი ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ იძენენ. მაგალითად, თუ მათ კანში გადავნერგავთ, კანის უჯრედებად იქცევიან, ღვიძლში – ღვიძლის უჯრედებად, ტვინში კი – ნეირონებად.

მათ ღეროვანი უჯრედები ჰქვია.

ყოველ დილას ზაზა კოკაია ლუნდის უნივერსიტეტში შავი ზურგჩანთით და დოკუმენტების დიდი შეკვრით დახუნძლული მიდის. ღეროვანი უჯრედებისა და უჯრედული თერაპიის ცენტრში, ნერვული ღეროვანი უჯრედების ლაბორატორიას იგი 2003 წლიდან ხელმძღვანელობს. 2010 წლიდან კოკაია შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ღეროვანი უჯრედებისა და უჯრედული თერაპიის სტრატეგიულ დარგს უდგას სათავეში. 2011 წლიდან კი ხელმძღვანელობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ დიდ პროექტში, სადაც ინსულტის დროს ტვინზე ანთებითი პროცესის ზეგავლენას სწავლობენ და ამის მიხედვით ცდილობენ, შეიმუშავონ უჯრედული თერაპიისა და მკურნალობის ახალი მეთოდები.

“ჯერ კიდევ ოცი წლის წინ, ეს ყველაფერი სამეცნიერო-ფანტასტიკურ მოთხრობას ჰგავდა”, – იხსენებს ზაზა კოკაიას კოლეგა და მისი სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი, 65 წლის ულე ლინდვალი.

ულე ორმოცი წელია, რაც კლინიცისტ ნევროლოგად მუშაობს. იგი ლუნდის უნივერსიტეტის ნევროლოგიის კათედრის ხელმძღვანელია.

ლინდვალი ამბობს, რომ მისი პირველი მნიშვნელოვანი წარმატება პარკინსონით დაავადებული ადამიანის ტვინში ღეროვანი უჯრედების გადანერგვა იყო. უჯრედებმა ტვინში გაყოფა და გამრავლება განაგრძეს, დაზიანებული ქსოვილი აღადგინეს და პაციენტიც მომჯობინდა.

მეორე მნიშვნელოვან წარმატებას კი ულემ უკვე ზაზასთან ერთად მიაღწია და ამის შესახებ ზევით უკვე დაწვრილებით გიამბეთ.

“ამ აღმოჩენის წარმატება პრაქტიკულად თუ აისახება ცხოველის და, მომავალში, ადამიანის მდგომარეობაზე?” – ვეკითხები ზაზას.

“აი, ეს ჯერ არ ვიცით, ახლა ზუსტად მაგას ვიკვლევთ, თუ რა წვლილი შეაქვს ამ უჯრედებს ტვინის რეგენერაციის პროცესში”, – მპასუხობს იგი.

ღეროვან უჯრედებზე ზაზასთან ინტერვიუმდე და მის შემდეგაც, უამრავი სამეცნიერო სტატია წავიკითხე. ერთგან ასეთი რამ ამოვიკითხე და მომეწონა:

“თანამედროვე სამყაროში სამეცნიერო პროგრესი ხშირად წინ უსწრებს მორალურ-ეთიკური სტანდარტების ცვლილებას”. ანუ მეცნიერება ისეთი ჩქარი ტემპით ვითარდება, რომ ადამიანი ბიოეთიკაში წლების წინ ჩამოყალიბებული და დამკვიდრებული მორალური დოგმების გადახედვას ვერ ასწრებს. ამ ეთიკური ნორმების მართებულობა კითხვის ნიშნის ქვეშ მაშინ დგება, როცა სასწორის სხვადასხვა მხარეს თანაბარი წონის ფასეულობები დევს: რვაუჯრედიანი ემბრიონის უფლებები უფრო მნიშვნელოვანია, თუ პარკინსონით დაავადებული ადამიანის განკურნება? აბორტის შედეგად მოშორებული ჩანასახის კვლევისთვის გამოყენება, თუ აბორტზე, როგორც ბოროტებაზე უარის თქმა? – კითხვები, რომლებიც მთელ მსოფლიოში მწვავე სამეცნიერო დისკუსიის საგანია, ჩემთვისაც აქტუალური გახდა.

ეს კითხვები დავუსვი ზაზა კოკაიასაც. იგი ხომ თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა, წინააღმდეგობებით სავსე და მუდმივად განახლებად დარგში მუშაობს.

ადამიანის ღეროვანი უჯრედები პირველად ბიოლოგმა ჯეიმს ტომპსონმა, 1998 წელს, ვისკონსინის უნივერსიტეტში ხელოვნურად განაყოფიერებული ემბრიონისგან მიიღო.

ემბრიონს სინჯარაზე კვერცხუჯრედისა და სპერმის შერწყმით იღებენ. ხელოვნური განაყოფიერების შემდეგ, ემბრიონის უჯრედები დაყოფას იწყებს. ხუთი დღის მერე, რვაუჯრედიანი ემბრიონი ნახევრად ცარიელ, ჰაერით ამოვსებულ ბურთს წააგავს. იგი ჯერ კიდევ არაა მომწიფებული იმისთვის, რომ ქალის სხეულში მოათავსონ. ამ დროს ემბრიონში იქმნება დაახლოებით 150 უჯრედისგან შემდგარი შიდა მასა. სწორედ ესაა ღეროვანი უჯრედები. მათ ემბრიონიდან გამოაცალკევებენ და ლაბორატორიაში ცალკე სინჯარებში ამრავლებენ.

ღეროვანი უჯრედები არის თითქმის ყველგან: სისხლში, ტვინში, კანში, მაგრამ ღეროვანი უჯრედებით ყველაზე მდიდარი, მაინც, ემბრიონია. თანაც ემბრიონულ ღეროვან უჯრედებს 200-მდე ტიპის ქსოვილად გადაქცევა შეუძლიათ, სხვა ღეროვანი უჯრედები კი, მაგალითად, კანის ღეროვანი უჯრედები, დამატებითი ფაქტორების ზემოქმედების გარეშე, მხოლოდ კანის უჯრედებს წარმოქმნის. სწორედ ამიტომ, ემბრიონის საკვლევად გამოყენება მეცნიერებისთვის ყველაზე მოსახერხებელი, მაგრამ ამავე დროს, ეთიკურად სადავოა.

ვინ, ან რა არის ემბრიონი? როდის იწყება სიცოცხლე, კვერცხუჯრედის განაყოფიერების მომენტიდან, თუ მას შემდეგ, რაც ემბრიონი ქალის სხეულში მოხვდება?

ის, რომ სიცოცხლე ჩასახვის მომენტიდან იწყება, პაპმა პიუს მეცხრემ 1800-იანი წლების ბოლოს თქვა. ამ შეხედულებას კათოლიკური ეკლესია დღესაც მტკიცედ იცავს.

ლაბორატორიაში კვერცხუჯრედის ხელოვნური განაყოფიერებისას, ექიმები, თავის დაზღვევის მიზნით, იმაზე მეტ ემბრიონს ქმნიან, ვიდრე იმ მომენტში ტრანსპლანტაციისთვის არის საჭირო. “მორჩენილ” ემბრიონებს ყინავენ, და თუკი არავინ გამოიყენა, გარკვეული დროის მერე აგდებენ.

მეცნიერებმა ერთ დღესაც თქვეს – რატომ არ შეიძლება, რომ გადასაგდებად განწირული ემბრიონი კეთილი მიზნებისთვის გამოვიყენოთ, შევისწავლოთ და პარკინსონის ან ალცჰეიმერის სამკურნალო წამალი გამოვიგონოთ?

სწორედ აქ იწყება ყველაზე ცხარე დისკუსია.

ბიოეთიკოსების ნაწილი მიზანმიმართულად, კვლევისთვის ემბრიონების “შექმნას” და შემდეგ მათ “განადგურებას” მკაცრად ეწინააღმდეგება. ისინი ამტკიცებენ, რომ რვაუჯრედიან ემბრიონსაც სიცოცხლის უფლება აქვს.

ამერიკაში, ცხარე დებატები ემბრიონული ღეროვანი უჯრედების შესახებ პირველად 2001 წელს დაიწყო. ამერიკის პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა ტეხასის რანჩოდან პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მეცნიერებს ემბრიონული კვლევისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას უწყვეტდა. მათ შეეძლოთ გამოეყენებინათ მანამდე გამოყვანილი ემბრიონული ღეროვანი უჯრედების ხაზები, მაგრამ ახლის შექმნისთვის ბიუჯეტიდან ფულს ვეღარ მიიღებდნენ.

ამ განცხადებამ რესპუბლიკელები გაახარა, დემოკრატებმა კი ამერიკას თეოკრატიული სახელმწიფო უწოდეს, სადაც თამაშის წესებს კანონის ძალით თავს მოხვეული თეოლოგია განსაზღვრავდა.

დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად, ემბრიონული ღეროვანი უჯრედების კვლევა ამით არ შეწყვეტილა. კერძო ფარმაცევტულმა კომპანიებმა და ფონდებმა გადაწყვიტეს, თვითონ დაეფინანსებინათ მეცნიერები და სინგაპურში, ბრიტანეთსა და ტაივანში მათი მასობრივი გადინებისთვის ხელი შეეშალათ.

ხელისუფლებაში დემოკრატი ბარაკ ობამას მოსვლის შემდეგ, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. პრეზიდენტად არჩევიდან, ზუსტად სამ თვეში, ობამამ მეცნიერებს მწვანე შუქი აუნთო და ემბრიონული ღეროვანი უჯრედების ახალი ხაზების გამოსაყვანად ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსება გამოყო.

ემბრიონულის გარდა, ეთიკურ დილემას იწვევს აბორტის შედეგად დარჩენილი ჩანასახის გამოყენებაც. მოწინააღმდეგეები ამბობენ – თუკი ვუშვებთ, რომ ისეთი ბოროტებისგან, როგორიცაა აბორტი, შეიძლება რაიმე დადებითი შედეგი მივიღოთ, ამან შეიძლება აბორტი გაამართლოს და “წაახალისოს” კიდეც.

ლუნდის უნივერსიტეტში, სადაც კვლევებში ყველა ტიპის ღეროვან უჯრედს იყენებენ, ეთიკურ დილემებთან დაკავშირებით, ულე ლინდვალსაც და ზაზა კოკაიასაც ჩამოყალიბებული პოზიცია აქვთ:

“ამ თემაზე ბევრჯერ მისაუბრია მამაჩემთან. იგი ლუთერი მღვდელი იყო და ამბობდა, რომ ტანჯვის შესამსუბუქებლად, ჩანასახიდან მიღებული ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ადამიანისთვის, რომელსაც განუკურნებელი დაავადება აქვს, არ შეიძლება არაეთიკური იყოს. ამ დასკვნამდე ჩემს თავთან რამდენიმე წლიანი კამათის შემდეგ მივედი”, – აღნიშნავს ულე ლინდვალი.

ულეს ეთანხმება ზაზაც. “მე ამ საკითხს ძალიან პრაგმატულად ვუყურებ. ქალს თუ გადაწყვეტილი აქვს აბორტის გაკეთება, რატომ არ შეიძლება ჩანასახი, რომელსაც ისედაც გადააგდებდნენ, კარგი საქმისთვის გამოიყენო?” – ამბობს იგი.

შვედეთში საკვლევად ყველანაირი უჯრედის გამოყენება შეიძლება, მათ შორის ემბრიონულისაც. ევროპის ბევრი ქვეყანა (მაგალითად, გერმანია) გაცილებით კონსერვატულია. იქ ემბრიონული კვლევა საერთოდ აკრძალულია.

საქართველოში ემბრიონს ღეროვანი უჯრედების მისაღებად არასდროს იყენებდნენ. სამაგიეროდ, მუშაობდნენ აბორტის ნარჩენებისგან მიღებულ უჯრედებზე, რამაც მეცნიერებსა და სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება გამოიწვია.

2001-2002 წლებში რამდენიმე ქართველმა მეცნიერმა აბორტის ნარჩენებისგან მიღებული ღეროვანი უჯრედების გამოყენება სცადა. თუმცა, სულ მალე, ბიოეთიკის საბჭომ მოამზადა დასკვნა, რის შემდეგაც, ჩვენთან ჩანასახოვანი ღეროვანი უჯრედების გამოყენება შეწყდა.

“დაუშვებელია, სასარგებლო შედეგს ელოდე აბორტული მასალისგან, რადგან თავად აბორტი არაეთიკური ქმედებაა”, – ამბობდა მაშინ ბიოეთიკის საბჭოს თავმჯდომარე, გივი ჯავაშვილი. აბორტირებული ჩანასახის კვლევას ეწინააღმდეგებოდა ეპისკოპოსი იოანეც, რომელიც საბჭოს წევრი იყო და მამა ადამთან ერთად მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას გამოხატავდა.

საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, მალევე მონახეს გზა, გამოეყენებინათ ისეთი უჯრედები, რომლებიც ეთიკურ დაბრკოლებებს არ შექმნიდა. თუმცა, ამჯერად, მთავარი პრობლემა არა უჯრედების მორალური სტატუსი, არამედ ზოგადად, ამ სფეროს კომერციალიზაცია გახდა.

ბოლო ორი წელია, რაც საქართველოში ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების შენახვის ბუმია. ჩემი ნაცნობებიდანაც, ბევრმა დედამ შვილებს ეს უჯრედები სისხლის კერძო ბანკში შეუნახა, და როგორც თვითონ ამბობენ, შვილები სისხლის დაავადებებისგან დააზღვია.

ზაზა კოკაია ამბობს, რომ კომერციალიზაციის წინააღმდეგი არაა, თუმცა, მისი აზრით, მშობლებს ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების შესაძლებლობების შესახებ არასრული ინფორმაცია აქვთ.

“როცა ამტკიცებენ, რომ ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედებით 70-მდე დაავადების განკურნებაა შესაძლებელი, ისიც უნდა თქვან, ამ 70 დაავადებიდან როგორია 60-ის სიხშირე? რამდენს შეიძლება სტატისტიკურად დაემართოს? ზოგჯერ გაცილებით დიდი საფრთხეა ავტოკატასტროფაში მოყვე, ვიდრე რომელიმე დაავადება დაგემართოს”.

შვედეთში აბორტების რიცხვი ძალიან მცირეა, აქედან მიღებული მასალა კი – მწირი. ამიტომ, ლუნდის უნივერსიტეტში ძირითადად “რეპროგრამირებულ” ღეროვან უჯრედებზე მუშაობენ – კანის უჯრედიდან უკვე ტვინის უჯრედებს, ნეირონებს ქმნიან.

“ამ ნეირონების ტრანსპლანტაცია პირდაპირ ტვინში შეიძლება და ისინი დაზიანებულ ქსოვილს აღადგენენ”, – მიხსნის ზაზა.

მაინც რა არის თქვენი კვლევის საბოლოო მიზანი, ვის და როგორ დაეხმარებით? – ვეკითხები შემდეგ და ასე მპასუხობს:

– ინსულტი ძირითადად ხანში შესულ ადამიანებს ემართებათ. ჩვენ გვინდა, რომ ამ ადამიანების ცხოვრების ხარისხი ავამაღლოთ. წარმოიდგინეთ, ხომ მარტივი მოძრაობაა, კოვზი აიღო, ხელში დაიჭირო და პირთან მიიტანო. არადა, ინსულტის შემდეგ, ზოგ ადამიანს ამ მარტივი მოძრაობის შესრულებაც კი უჭირს.

საკუთარი დამოუკიდებლობის შეგრძნება ძალიან მნიშვნელოვანია ხანში შესული ადამიანისთვის, რომ მან თავი უუნაროდ და სხვისი ხელის შემყურედ არ იგრძნოს. სიბერე ყველას აწუხებს. ამიტომ, თუკი ტვინში დაზიანებული ქსოვილების აღდგენას შევძლებთ, ინსულტგადატანილი ადამიანების ცხოვრებას უფრო სრულფასოვანს გავხდით.

– თავიდან, როცა მთელი მსოფლიო ღეროვანი უჯრედების სასწაულმოქმედებაზე ალაპარაკდა, მედიაში წერდნენ იმასაც, რომ მეცნიერებმა შესაძლოა, ოდესმე დაბერების საწინააღმდეგო წამალი გამოიგონონ…

– დაბერება ფიზიოლოგიური პროცესია, რომელსაც არ უნდა ებრძოლო. მე მირჩევნია ჯანმრთელი დავბერდე, ვიდრე არასდროს დავბერდე. უნდა ებრძოლო იმ სიმპტომებს და დაავადებებს, რომელიც დაბერებასთან ერთად მოდის, და არა სიბერეს. რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებსაც მოუნდებათ, მარადიული ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ეს უკვე აღარაა ჯანდაცვის სფერო…

ამ საუბარს უკვე მოხუცებულობისადმი შიშის თემასთან მივყავართ, რომელიც ძალიან საგრძნობია საქართველოში. ჩვენთან ხომ ასეა – როცა ადამიანი პენსიაზე გადის, მიაჩნია, რომ ცხოვრება დასრულდა. “დასავლეთში, კი პირიქითაა, პენსიაზე გასვლის მერე ბევრ ისეთ რამეს აკეთებ, რაც მანამდე ვერ მოასწარი. მართალია, ეს ეკონომიკურ მდგომარეობაზეცაა დამოკიდებული, თუმცა იქ მენტალიტეტიც სხვანაირია. ამიტომაა მნიშვნელოვანი, თანამედროვე მედიცინის მიღწევები ამ ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას მოახმარო”, – მიხსნის ზაზა.

– რას ელით ღეროვანი უჯრედებისგან, რა შეიძლება, მოხდეს ორმცდაათი ან ასი წლის მერე?

– ვფიქრობ, ამ დროისთვის უკვე შესაძლებელი იქნება, ქრონიკული დაავადებები (მაგალითად, პარკინსონი) განიკურნოს. წამლები დღესაც არსებობს, მაგრამ მთელი არსი ისაა, რომ უფრო ეფექტიანად ვუმკურნალოთ ადამიანებს, ნაკლები გვერდითი მოვლენების გამოწვევით. ღეროვანი უჯრედი არაა პანაცეა – მაგიური აბი, რომელსაც დალევ და ყველაფერს მოგირჩენს. ღეროვანი უჯრედების საშუალებით პროგრესირებადი დაავადებების განვითარება შენელდება. მოკლედ, მიზანია, რომ ადამიანი მაქსიმალურად ჯანმრთელი იყოს.

ზაზა კოკაია თითქმის ოცი წელია, შვედეთში ცხოვრობს და მუშაობს, თუმცა თავს ემიგრანტად არ თვლის. მისი აზრით, მეცნიერება უნივერსალურია და გეოგრაფიული საზღვრები არ აქვს.

“არ არსებობს ლოკალური მეცნიერება, თუ ეს არაა მაგალითად, ქართველოლოგია. არ არსებობს ქართული ფიზიკა, ქიმია, მედიცინა, მათემატიკა. ჩვენ უბრალოდ შეიძლება წვლილი შეგვქონდეს მსოფლიო მეცნიერების განვითარებაში”, – მიხსნის მეც.

ლუნდის უნივერსიტეტში, ღეროვანი უჯრედების ლაბორატორიაში კოკაიას გარდა, კიდევ ორი ქართველი პოსტდოქტორანტია. ზაზა ამბობს, რომ ზოგჯერ სინდისი აწუხებს, როდესაც მისი სტუდენტები, ლუნდში მიღებული განათლების მერე, საზღვარგარეთ სამუშაოდ რჩებიან.

როცა საქართველოში მეცნიერების სფეროში არსებულ კრიზისზე და “ტვინების მასობრივ გადინებაზე” ვსაუბრობთ, ჩინეთის მაგალითს იხსენებს, სადაც სახელმწიფომ ჯანდაცვის პრიორიტეტული სფეროები აირჩია და შემდეგ, ამ მიმართულებით ახალგაზრდა სპეცილისტების განათლებაში ფული დააბანდა:

“90-იან წლებში, როცა შვედეთში ჩამოვედი, ჩინეთიდან დოქტურანტურაზე სტუდენტების განაცხადები თითქმის ყოველდღე მოდიოდა. ბევრმა მიიღო ჩვენთან განათლება და შემდეგ, ჩინეთის მთავრობამ ეს გადინებული ტვინები უკან დააბრუნა. ასე შეიქმნა ჩინეთში მეცნიერთა ადგილობრივი ბირთვი”.

კოკაია საქართველოში წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდის. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეული პროფესორია და დოქტორანტებს ორ საგანს უკითხავს: სწავლების თანამედროვე მეთოდებსა (Problem based learning) და სამეცნიერო წერას (Scientific writing).

რამდენიმე კვირის წინ საქართველოში ჩამოსული ზაზა მორფოლოგიის ინსტიტუტშიც მივიდა, ამ საბჭოთა შენობაში ადრე 400 თანამშრომელი მუშაობდა, დღეს კი, აქ მხოლოდ რამდენიმე ათეული სპეციალისტია.

“ადრე ყველა მიმართულებით დიდი ინსტიტუტები არსებობდა. დღეს ეს სფეროები ჩამკვდარია, – მეუბნება ზაზა, – რა თქმა უნდა, ხარისხზე არ მაქვს საუბარი. საბჭოთა კავშირის დროს ჩაკეტილები ვიყავით, კი იყო მეცნიერება, მაგრამ, საბოლოო ჯამში – ძალიან დაბალ დონეზე. იყვნენ სხვადასხვა დარგში კორიფეები, მაგრამ არ არსებობდა ერთიანი სისტემა”.

დღეს ამ ერთიანი სისტემის დროულად შექმნაა საჭირო, – ვასკვნი, როცა ზაზას საქართველოში მეცნიერების განვითარების პერსპექტივაზე ველაპარაკები. ზაზა მეუბნება, რომ სახელმწიფომ პრიორიტეტები უნდა განსაზღვროს, ყველა დარგს ერთდროულად ვერ განავითარებ. პირადად მას ლუნდის უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედების ლაბორატორიის ფილიალის გახსნა უნდა საქართველოში. დარწმუნებულია, რომ ჯანდაცვის სისტემისთვის ეს ფუფუნების საგანი სულაც არაა და სავსებით რეალურია, ღეროვანი უჯრედების კვლევა ჩვენთანაც პრიორიტეტულ დარგად იქცეს. ჯერ ამ საკითხზე საქმიანი შეხვედრები არ დაუწყია. ლაბორატორიის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობამ ზაზას სამეცნიერო პროექტებისთვის საგრანტო აპლიკაციების წერაც ასწავლა და ახლა უკვე იცის, რომ დაფინანსების მოსაპოვებლად, იდეა ჯერ ეფექტურად უნდა შეიფუთოს. “ჰოდა, ახლა, ამ იდეის შეფუთვის პროცესში ვარ”, – მეუბნება ბოლოს.

წყარო: shokoladi.ge

Comments

comments